ფლაკინგი

ფლაკინგის ტექნიკა შექმნა რამდენიმე წლის წინ ლიონელმა ხელოვანმა, რომელიც არ ამჟღავნებს თავის სახელს და გამოდის ფსევდონიმით Ememem. ეს ტექნიკა განკუთვნილი იყო იმ ხვრელებისა და ბზარების ამოსავსებად, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩნდება ტროტუარებზე და ხელს უშლის ფეხით მოსიარულეების მოძრაობას. ლიონელმა ხელოვანმა შემოგვთავაზა ხარვეზების გამოსწორება არა ასფალტით და ბეტონით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ სხვადასხვა ფერის მოზაიკის საშუალებით.
Ememem მუშაობდა ქალაქის ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ღამით, სახეს ნიღბის ქვეშ მალავდა... დილაობით კი ლიონის ტროტუარებზე ჩნდებოდა საოცარი მორთულობები: ფერად-ფერადი მოზაიკის „კუნძულები“.
თვით ტერმინი „ფლაკინგი“ მომდინარეობს ფრანგული გამოთქმიდან „flaque d’eau“ - გუბე. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანს არასდროს არ მოუთხოვია ტროტუარების შეკეთების ოფიციალური ნებართვა, ლიონის ხელისუფლება ძალიან კეთილგანწყობილად უყურებდა მის გამოგონებას, და დროთა განმავლობაში ლიონის ქუჩები აჭრელდა მოზაიკის მხიარული „გუბეებით“. დროთა განმავლობაში ფლაკინგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ იგი ქალაქის ღირსშესანიშნაობების სიაში შეიტანეს, და თითოეული მოზაიკის ადგილმდებარეობა აღინიშნა ლიონის ტურისტულ რუკაზე. თვით ფლაკინგის ტექნიკა მიეკუთვნა „სტრიტ-არტს“ და გახდა მისი „გამოყენებითი დარგი“.
ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში ჩვენი ფონდი დაუკავშირდა ლიონელ ხელოვანს და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საქართველოში ფლაკინგის განხორციელებაზე. 
2020 წლის ივნისში უზნაძის ქუჩაზე მერიის ნებართვის გარეშე საცდელად დაიგო პირველი მოზაიკა. მან მხოლოდ რამდენიმე საათი იარსება, შემდეგ კი მუნიციპალური ინსპექციის დაჟინებული მოთხოვნით დავშალეთ. მიუხედავად ამისა, ამოცანა, რომელიც ფონდმა „რიბირაბომ“ დაისახა, გადაწყდა: ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფლაკინგი სავსებით შეეფერება ჩვენი ქალაქის ხუროთმოძღვრულ თავისებურებებს და რომ ის ხალხს მოსწონს (მუშაობის დროს გამვლელებისგან ბევრი კომპლიმენტი მოვისმინეთ).
ამ ცდის შემდეგ ჩვენმა ფონდმა მოამზადა პროექტი, რომელიც შევიტანეთ თბილისის მერიაში. ცოტა მოგვიანებით ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს კულტურის სამინისტროს. სწორედ კულტურის სამინისტრომ მოიწონა ჩვენი შეთავაზება და თავის ტერიტორიაზე პირველი ფლაკინგის დაგების ნებართვა მოგვცა.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო გახდა პირველი, რომელმაც აიტაცა უახლესი მოძრაობა ხელოვნებაში, რითაც დაამტკიცა, რომ თანამონაწილეა მსოფლიო კულტურისა. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერია გაგებით მოეკიდება ჩვენს ახალ წამოწყებას.

პროექტი “ მზეჭაბუკი” ( დასრულებულია)

პროექტი "ციხისძირი"