ცეცხლი საიმედო ხელშია

ქართული მოზაიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია გამოჩენილი ქართველი მხატვრის გივი კერვალიშვილის მიერ 1979 წელს შექმნილი მეხანძრეებისადმი მიძღვნილი ნამუშევარი, რომელიც ამშვენებს სახანძრო დაცვის შენობის მარჯვენა გვერდით ფასადს ორთაჭალაში.
კერვალიშვილის მიერ სახანძრო დაცვის შენობისათვის შექმნილი ოთხი მოზაიკური პანოდან შემორჩენილია ორი, ხოლო დანარჩენი ორი განადგურდა შენობის შეკეთებისა და გადაკეთების დროს. ამ ნამუშევრებზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
გადარჩენილი ორი ფრაგმენტიდან ერთი არის უზარმაზარი პანო, რომელიც ერთდროულად დეკორატიულიც არის და რეალისტურიც. მასზე ჩვენ ვხედავთ მეხანძრის - ქალაქის დამცველის სიმბოლურ სახეს. თავად ავტორის თქმით, ნამუშევარს ქვია „ცეცხლი საიმედო ხელშია“. მართლაც, ვერტიკალურად ოდნავ გაწელილი ოთხკუთხედი კომპოზიცია არის მეხანძრის გამოსახულება იმ დროისთვის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობების გამოსახულებებისაგან შექმნილი კოლაჟის ფონზე. კომპოზიციაში მთავარ ფიგურას - მამაკაცის ფიგურას მტკიცედ უჭირავს ალის დაკლაკნილი ნაკადები და არ აძლევს ცეცხლს უკანა ფონზე გამოსახულ თბილისზე თავისუფლად გადაფრქვევის საშუალებას. როდესაც უყურებ ამ ბუმბერაზ, დაკუნთულ ფიგურას, რომელიც თავდაჯერებულად დგას ფართოდ გაშლილ ფეხებზე და აქეთ-იქით არხევს მჭიდრო კვანძად შეკრულ ცეცხლოვან გველებს, აუცილებლად მოგაგონდება მითოლოგიური ღმერთები, რომლებიც გაბატონებულ მბრძანებლებად გვევლინებიან ღვთიური პანთეონის იერარქიაში. ეჭვგარეშეა, რომ მაშინაც კი, თუ თვითონ ავტორი არ ისახავდა ასეთ მიზანს, თავის მეხანძრეში მან განასახიერა არქეტიპული მამისა და მბრძანებლის სახე, რომელიც არის უნივერსალური ზოგადსაკაცობრიო სიმბოლო. ფიგურისა და ფონის განზრახ ხაზგასმული სტატიკურობა ხასიათი ქმნის მთავარი გმირის საიმედოობის, სიმტკიცის, ურყევობის შთაბეჭდილებას და კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის მძლავრ ხელებში მფეთქავი ცეცხლოვანი ნაკადების დაუოკებელ მოძრაობას. ცეცხლოვანი ნაკადის დაკლაკნილი ფორმები კომპოზიციურად ერთ მთლიანობად აერთიანებს ორი პანოს - ქვედას და ზედას, რის შესახებაც ნარკვევის მეორე ნაწილში გვექნება საუბარი.
გარდა ბრწყინვალე პლასტიკური და კომპოზიციური გადაწყვეტისა, პანოს - „ცეცხლი საიმედო ხელშია“ - გააჩნია კიდევ ერთი უდაო უპირატესობა: ეს არის ქალაქის არქიტექტურული თავისებურებების ერთგვარი საფუძვლიანი ისტორიული მტკიცებულება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეხანძრის ფიგურის ფონად აღებულია ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობების გამოსახულებებისაგან შექმნილი კოლაჟი. აქ ერთმანეთის მეზობლად დგანან სიონის მართლმადიდებლური ეკლესიის საკათედრო ტაძარი, მეჩეთი და სინაგოგა, ცნობილი მეტეხის ეკლესია, რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი, ოპერის თეატრი, მარქს-ენგელს-ლენინის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი (ამჟამად მის ადგილას არის სასტუმრო „ბილტმორი“), ე. წ. თერთმეტსართულიანი შენობა (იმ დროს თბილისში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი), ცირკის შენობა, სპორტის სასახლე, იმ დროს ყველაზე ძვირფასი სასტუმრო ივერია (ამჟამად გადაკეთდა სასტუმროდ „რედისონ ბლუ ივერია“), ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი („დინამო არენა“), ფუნიკულორის შენობა, აგრეთვე გადმოცემულია ძველ თბილისის არქიტექტურის კრებითი სახე და გამოსახულია იმ დროის დამახასიათებელი ქუჩის ფარანი, რომლის მსგავსი საქართველოში აღარც არის შემორჩენილი.... ფაქტობრივად, მოზაიკის შეზღუდულ სივრცეში ჩაეტია მთელი თბილისი იმ სახით, როგორიც ის იყო 70-იანი წლების ბოლოს... და გამოსახულების რა სიზუსტეა, რა საგულდაგულო დეტალიზაციაა! ნუთუ იმ დროის საარქივო ფოტოებს შეუძლია შეედაროს მაღალმხატვრულ ნაწარმოებს მაყურებელზე ზემოქმედების ძალით? ზოგიერთი ეს შენობა ჯერ კიდევ შემორჩა თანამედროვე სწრაფად ცვალებად ქალაქურ ლანდშაფტში. მაგრამ დიდი ხნით? არანაირად გაზვიადებული არ იქნება იმის ვარაუდი, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურის „გადმონაშთებს“ - იმ არქიტექტურისა, რომელიც დღეს უკვე ძალიან ცოტას თუ აღელვებს და რომელსაც ამჟამად ჯერ არ გააჩნია ისტორიული ღირებულება - დაანგრევენ მოხერხებული ინვესტორები და მათ მაგივრად ააგებენ ახალ, ბევრად უფრო თანამედროვე და ფუნქციურ შენობებს. ჩვენი შვილიშვილები და შვილთაშვილები დაივიწყებენ ჩვენი მრავალფეროვანი ქალაქის ერთ-ერთ „სახეს“, რომელსაც ადრე აღტაცების გრძნობით ქმნიდნენ მათი არცთუ შორეული წინაპრები. მიუხედავად ამისა, მხატვრულ ნაწარმოებებს - კერძოდ, მონუმენტური ჟანრის ნაწარმოებებს - აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს და შთამომავლობას გადასცეს ცნობები თბილისის უნიკალური არქიტექტურის შესახებ. ისევე, როგორც ვულკანის ფერფლის ქვეშ დამარხული ქალაქების პომპეის და ჰერკულანუმის უკვდავმა მოზაიკებმა შეძლეს ჩვენამდე მოეტანათ მოგონებები სამუდამოდ განადგურებული უძველესი არქიტექტურის სილამაზის შესახებ.

ე. წ. პერიოდის მოზაიკები